საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
მთავრობის მეთაურმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცა და კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„ქვეყნის სიძლიერე იზომება არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობით თუ ეკონომიკური განვითარებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის განვითარება იზომება მისი კულტურული საძირკვლის სიმტკიცით. ხელოვნება, მეცნიერება, ტრადიციები და ისტორიული მეხსიერება არ არის მხოლოდ წარსულის კუთვნილება − ეს ქართული იდენტობისა და ჩვენი თანამედროვეობის მთავარი საყრდენია. სწორედ მდიდარი და მუდმივად განვითარებადი კულტურა აძლევს სახელმწიფოს ძალას, შეინარჩუნოს თვითმყოფადობა და დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიოში. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამაგრებთ ამ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტს და ამდიდრებთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. სახელმწიფო ჯილდოები, რომლებიც დღეს გადმოგეცემათ, თქვენი ღვაწლისადმი უდიდესი პატივისცემის მხოლოდ სიმბოლური გამოხატულებაა. თქვენი ძალისხმევით ვითარდება ქართული კინო, საოპერო და საგუნდო ხელოვნება, ჩვენი ეროვნული ქორეოგრაფია; თქვენ იცავთ ისტორიულ მეხსიერებას, აცოცხლებთ ლიტერატურას და ზრუნავთ მომავალი თაობების აღზრდაზე; უმთავრესი, რაც თითოეულ თქვენგანს აერთიანებს, არის საკუთარი საქმისა და ქვეყნისადმი უდიდესი ერთგულება და ამისთვის თითოეულმა ჩვენგანმა, რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა უნდა გადაგიხადოთ. თქვენი დამსახურებაა, რომ ქართული კულტურა კვლავაც სიამაყის გრძნობით ავსებს თითოეულ ჩვენგანს. განსაკუთრებით დასაფასებელია ის თავდადება, რომელსაც ჩვენი მემკვიდრეობის დასაცავად და მომავალი თაობებისთვის გადასაცემად იჩენთ. თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და შემოქმედებითი პრინციპები საუკეთესო მაგალითია ჩვენი ახალგაზრდებისთვის“, – მიმართა პრემიერმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.
ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდნენ კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი ბადრი მაისურაძე. კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენი სხვადასხვა პროფესიის 30 წარმომადგენელს გადაეცა.
კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცეს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას პარლამენტის წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
