ის, რაც მოხდა თავისუფალ ქართულ მედიასთან დაკავშირებით, ყველაფერია სანქციის გარდა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის მხრიდან ქართულ მედიაზე შეტევა მიუღებელია.
„ვხედავთ ბრიტანული სახელმწიფოს მოქმედი ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელ ქართულ მედიაზე შეტევას, რაც ჩვენთვის მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არცერთი მტკიცებულება ამ მიზეზთან დაკავშირებით არ არსებობს და ვერ მოხდა ამ მტკიცებულების წარმოდგენა მათ შორის ვერც ელჩის მხრიდან“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები, „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს: არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ „პოსტივი“ და „იმედი“ წარმოადგენენ ჩართულ პირს, რუსეთის სანქციების 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, შემდეგი საფუძვლით: ავრცელებენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ. აღნიშნული ქმედება მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, რეგულარულად ავრცელებენ ისეთს კონტენტს, რომლის მიხედვითაც, უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა არის დასავლეთის „მარიონეტი“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა, უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას“.
ამასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული. ელჩს არც საგარეო უწყებაში შესვლამდე და არც საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
