თავხედობაა, როდესაც ბრიტანეთი სხვა ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა კვლევას, რომლის მიხედვითაც, ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიები რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
„მათი ელჩი საქართველოში მოგვიწოდებს სანქციების დაწესებისკენ, როდესაც ის ვალდებულია, რომ მინიმუმ სასანქციო პოლიტიკა არ დაარღვიოს და ამ ქვეყანაში დარეგისტრირებულმა კომპანიებმა არ აუარონ გვერდი სანქციებს, თუმცა ჩვენ საწინააღმდეგოს ვხედავთ. სამწუხაროა, რომ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ ეს ქვეყნები“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ბრიტანეთში მომუშავე „საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევის თანახმად, უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, 29 000-ზე მეტი სავაჭრო ტრანზაქცია, რომლის საერთო ღირებულა 8 მილიარდ დოლარს აღწევს, რუსეთსა და ბრიტანეთის იურისდიქციაში მყოფ ზონებში რეგისტრირებულ კომპანიებს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგია.
