თუ ზრდასრულ ადამიანს იმის სითამამე ჰყოფნის, რომ კანონი დაარღვიოს, იმის სითამამეც უნდა ეყოს, პასუხი აგოს ამ დარღვევისთვის, – განაცხადა ელენე ხოშტარიას მისამართით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა ჰკითხა, კიდევ რამდენი ხანი უნდა იჯდეს ელენე ხოშტარია, ოთხი შვილის დედა ციხეში, რომელიც ბანერზე წარწერის გაკეთების გამო დააკავეს.
„მსგავსი პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები ყველაფერთან ერთად იმიტომაც არის საშიში, რომ მას არ აქვს მკაფიო პოლიტიკური მოტივაცია. ეს არ არის მხოლოდ ხულიგნობა, არამედ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. შესაბამისად, ყველა ქვეყანაში მსგავსი დანაშაულების მიმართ არის მკაცრი მიდგომა. ოთხი შვილის დედა რომაა, ამავე დროს გულისხმობს იმას, რომ არის ზრდასრული ადამიანი, რომელსაც პასუხისმგებლობა ალბათ გააზრებული აქვს შვილების აღზრდაზე. შესაბამისად, საკუთარ თავზეც პასუხისმგებლობა გააზრებული აქვს. მან [ხოშტარიამ] იცოდა რასაც აკეთებდა, რა პასუხისმგებლობა მოჰყვება ამ ყველაფერს, ეს გააკეთა და ახლა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს. თუ ზრდასრულ ადამიანს იმის სითამამე ჰყოფნის, რომ კანონი დაარღვიოს, იმის სითამამეც უნდა ეყოს, პასუხი აგოს ამ დარღვევისთვის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებდა მეგი დიასამიძეს, რომელიც სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებდა, თუმცა ელენე ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.
