მართალი ადამიანები უკანა შესასვლელიდან არ გადიან. თუ მათ რაიმე აქვთ სათქმელი პირდაპირ ამბობენ ხოლმე და როდესაც იპარებიან, ეს არის აღიარება, რომ ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებები არანაირ არგუმენტებს არ ეფუძნება, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩზე საუბრისას.
მისი თქმით, ბრიტანელი დიპლომატი საგარეო საქმეთა სამინისტროდან ფაქტობრივად გაიპარა, ვინაიდან მას არ ჰქონდა არგუმენტი, რომ განემარტა, თუ რა მოტივით დაესხა თავს მისი ქვეყანა საქართველოში თავისუფალ მედიას.
რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა მოქალაქეთა იმ მცირე ჯგუფსაც, ვინც დიდი ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმას „სიხარულის ყიჟინით“ შეხვდა.
„რაც შეეხება იმ ე.წ. საქართველოს მოქალაქეებს, ვინც დასმენებით არიან ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის, ვფიქრობ, რომ მათი მორალური პასუხისმგებლობა უკვე დამდგარია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
