დებატებს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, ყოველთვის იყო აღქმების ფაქტებად გასაღების მცდელობა და იმ საზოგადოებაში, სადაც დებატები არ ხდება, ამის შესაძლებლობა არის უფრო მეტი, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა.
მისივე თქმით, სანამ მედიაზე თავდასხმა პირდაპირი ფორმით განხორციელდებოდა, წლების განმავლობაში იყო არაერთი მცდელობა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების თუ სხვა აქტორების მეშვეობით მომხდარიყო ფაქტების აღრევა ვარაუდებში, შეფასებებში, აღქმებში.
„თვითონ გადაწყვეტილება, რაც გამოქვეყნდა, ესეც საინტერესოა. პირდაპირ წერია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს ვარაუდების, ეჭვების საფუძველზე. მთელი ამ წლების განმავლობაში არის მცდელობა, რაღაც ინფორმაცია შეთხზან და საზოგადოებას მიაწოდონ როგორც სიმართლე. დებატები სწორედ ამას უშლის ხელს. დებატებზე ირკვევა ვინ არის მართალი. ალბათ ეს იყო მათი მიზანიც, რადგან ვერ იმუშავა იმ ირიბმა მექანიზმმა, რომ ადგილზე არსებული აქტორების მეშვეობით მომხდარიყო ფაქტების დამახინჯება, გაჩნდა ეს სივრცე და სულ რამდენიმე ეთერმა წარმოაჩინა, რომ ყველა მგრძნობიარე საკითხზე, რომელზეც უნდოდათ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, უმაღლესი თანამდებობის პირების ჩართულობით აშკარა გახდა სად იყო სიმართლე. როცა ვიღაცას სიმართლის ეშინია, მაშინ ხდება სივრცის დახურვის მცდელობები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
