კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიისა და აკადემიის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, – ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფერისცვალების ეკლესიის ტაძრის კალთებზე სპილენძის გადახურვისა და სარტყლის მოწყობა; ტაძრის ინტერიერში გვიანდელი შელესილობისა და შეღებილი ნაწილების მოხსნა; ბზარების დაკერვა, დაჩანგვლა და ინექცირება.
„ჩატარდა საძირკვლის გაძლიერების სამუშაოები; გუმბათზე მოეწყო სპილენძის გადახურვა და სარტყელი.
აკადემიის შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოიხსნა მცენარეული საფარი; გადაეწყო გალავნის კედელი და მოიხსნა მორყეული ქვები. მიმდინარეობს გალავნის მიმდებარედ მიწის მოჭრა და საძირკვლის გაძლიერების სამუშაოები.
„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართულია რეაბილიტაციის პროცესში. ხელისუფლება და ჩვენი ეკლესია ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეს უდიდესი ძეგლი გადავარჩინოთ. მზად ვართ, რომ მას არასდროს მოვაკლოთ ყურადღება“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
მინისტრთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს: აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიგა მამუკელაშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა თეა ონიანმა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
