„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ხანძარი იყო. ცეცხლი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში, ლიფტის შახტში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„დაიწვა 18-სართულიანი ბანკის სათავო ოფისის სატვირთო ლიფტის შახტი. დაშავებული, საბედნიეროდ, არავინაა. მობილიზებულია 20 სახანძრო ავტოტექნიკა ამ დროისთვის. ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულია, სრულად. წინასწარ ვერაფერს მოგახსენებთ, ხანძრის მიზეზი რა შეიძლება, ყოფილიყო, ამ დროისთვის ცნობილი არაფერი არ არის. შიგნით არავინ იმყოფებოდა. სწრაფი რეაგირების შედეგად, მოხერხდა, რომ ოფისში, ფართებში არ იყო გავრცელებული ხანძარი. დროულად მოხდა ლიკალიზება და უკვე ლიკვიდაციაც“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.
„ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ბექა გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ ხანძარს ბანკის ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურა გადაურჩა.
„ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი გაჩნდა დამხმარე ლიფტის შახტში, რომელიც არის გარე ფასადზე. შესაბამისად, ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეში. ბანკის ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურა არის დაუზიანებელი. შესაბამისად, ბანკის სერვისების მიწოდებას საფრთხე არ ემუქრება. ძალიან კარგად იმუშავა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა, რომელმაც დროულად აღმოფხვრა ხანძარი“, – აღნიშნა ბექა გოგიჩაიშვილმა.
