არცერთი მაგალითი არ არის მოყვანილი დღემდე, თუ რას წარმოადგენს მათი გაგებით რუსეთის მხარდაჭერა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ. ამ კომენტარით ვოლსკი გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოში თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ფაქტს.
„ეს არის ის ტრენდი, რომელიც შეიქმნა საქართველოში რევოლუციის ორგანიზებისათვის და რომელსაც კარნახობს დღენიადაგ ჩვენთან არსებული მეხუთე კოლონა იმ დიფ სთეითს, რომელიც მათ ეხმარება ამ ექსტრემისტული პროცესების განვითარებაში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
„იმედის კვირამ“ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მისი ქვეყნის მთავრობის მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის“ დაწესებული სანქციების შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა.
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
თავისუფალ მედიაზე დიდი ბრიტანეთის თავდასხმის გამო საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. მან შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვა.
