ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
აზერბაიჯანის დედაქალაქში მინისტერიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნულ ფორმატში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა უსაფრთხო და მდგრადი ენერგეტიკული მომავლისთვის.
„სამხრეთის გაზის დერეფანი იმის ნათელი მაგალითია, თუ რას შეგვიძლია მივაღწიოთ ერთობლივი ძალისხმევით. ამ დერეფანმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ენერგოუსაფრთხოება და დივერსიფიკაცია, საქართველო ამაყობს, რომ ამ პროცესში საიმედო სატრანზიტო ქვეყნის როლში მონაწილეობს. საქართველომ დაამტკიცა, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და შეუცვლელი მონაწილეა, და, ასევე, სტრატეგიული პარტნიორობისა და ყველა ჩართულ მხარეს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ერთგულია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველო, მდებარეობს რა მსოფლიოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე, მომხმარებელ და მიმწოდებელ ქვეყანათა გადაჯაჭვული ინტერესების ეპიცენტრშია. მინისტრის შეფასებით, აღნიშნული პროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის როლს. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ჩვენი ქვეყნის როლზე ენერგეტიკული დივერსიფიკაციის პროცესში.
„ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, „ხიდის“ ფუნქცია შეასრულოს არა მხოლოდ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ჭრილში, არამედ ენერგეტიკის სფეროშიც. ჩვენი ქვეყნის გავლით ტრანსპორტირებულ ბუნებრივ აირს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო, განსაკუთრებით კი, ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის. საქართველომ უკვე გამოავლინა ურყევი მხარდაჭერა რეგიონული სატრანზიტო ინიციატივების მიმართ. ენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და სტაბილურობის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, განვიხილოთ საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობა და მივესალმოთ თანამშრომლობის ნებისმიერ წინადადებას, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ სექტორში ჯანსაღი, მდგრადი გარემოს შექმნას და დააკმაყოფილებს მოქალაქეების საჭიროებებს რეგიონში თუ მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა მინისტრმა.
ქვრივიშვილის განცხადებით, ენერგოუსაფრთხოება საქართველოსთვის კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
„ჩვენ მივიღეთ ენერგეტიკული სექტორის განვითარების ყოვლისმომცველი გრძელვადიანი სტრატეგია, რომელსაც ზურგს უმაგრებს ათწლიანი სამოქმედო გეგმა. ჩვენი მიზანი მკაფიოა, 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი გახდეს სრულიად თვითკმარი“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად დადგმული გენერაციის სიმძლავრე 2,5-ჯერ გაიზრდება და დაახლოებით 11 500 მეგავატს მიაღწევს. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზრდება ელექტროენერგიის ექსპორტისა და ტრანზიტის პოტენციალი, ხოლო იმპორტი ნულამდე შემცირდება. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ეს ტრანსფორმაცია შესაძლებელია ახალი გენერაციის ობიექტების, ასევე გადამცემ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციების მეშვეობით, მათ შორის ახალი ტრანსსასაზღვრო კავშირებით.
„მსურს, ხაზი გავუსვა ორ რეგიონულ ფლაგმანურ პროექტს: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთს 1300-მეგავატიანი წყალქვეშა გადამცემი ხაზით, რაც ევროპაში სუფთა ელექტროენერგიის ექსპორტს გახდის შესაძლებელს. პარალელურად, აზერბაიჯანთან, რუმინეთსა და უნგრეთთან ერთად, ჩვენ ვავითარებთ მწვანე ენერგიის დერეფანს, რომელიც მოიცავს ფართომასშტაბიან ელექტროენერგიის ინტერკონექტორს და მწვანე წყალბადის კომპონენტს. ეს პროექტები არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურა და წარმოადგენს დივერსიფიკაციის, დეკარბონიზაციისა და გრძელვადიანი მდგრადობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განახლებადი ენერგია საქართველოს სტრატეგიის ქვაკუთხედია, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში იგეგმება 6700 მეგავატზე მეტი განახლებადი სიმძლავრის დამატება, რაც მოიცავს ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგიას. მინისტრის შეფასებით, სტრატეგიული ჰიდროენერგეტიკული პროექტები გადამწყვეტ როლს შეასრულებს არა მხოლოდ მოთხოვნის დაკმაყოფილებაში, არამედ სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ცვალებადი განახლებადი ენერგიების ინტეგრაციაში.
„ჩვენ ასევე ვატარებთ მნიშვნელოვან რეფორმებს საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად. პარალელურად, აქტიურად ვნერგავთ ინოვაციებს. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, წინ მივიწევთ ენერგიის შენახვის ტექნოლოგიებისა და წყალბადის გადაწყვეტების მიმართულებით, ასევე ვახდენთ ჭკვიანი და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებას ჩვენს ენერგოსისტემაში. სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფოების ერთობლივი ძალისხმევის როლს მსგავსი მნიშვნელობის საერთაშორისო პროექტების განვითარებისას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის გამოსვლით გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში დენ იორგენსენმა.
მინისტერიალსა და მის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა, გენადი არველაძემ და თამარ იოსელიანმა, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ზურაბ პატარაძემ.
