ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე რამდენიმე ქვეყნის საჰაერო სივრცე დაკეტილია, შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან რეგიონში, ექმნებათ შეფერხებები მგზავრობასთან დაკავშირებით, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზება გაუკეთოს სპეციალურ რეისებს, რომლებიც განხორციელდება იმ ქვეყნებიდან, სადაც ცა არის ღია.
„დღეს ომანიდან განხორციელდება ერთი რეისი საქართველოს მიმართულებით, რომლითაც ისარგებლებს საქართველოს 170-მდე მოქალაქე, რომელთაც აქვთ სურვილი სამშობლოში დაბრუნების. ეს არის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რაც საქართველოს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას მათი გადაწყვეტილების და სურვილის შემთხვევაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სამშობლოში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
