შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი უკანონო მიგრაციასთან წარმატებული ბრძოლაზე საუბრობს. როგორც გურამ დავითაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, უკანონო მიგრანტების გაძევების მაჩვენებლის ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.
„აღნიშნული ზრდა უკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ იმ შიდა სტრუქტურულ, ასევე საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც ჩატარდა მიგრაციის დეპარტამენტში და ემსახურებოდა მიგრაციული პროცესების კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას და სამართლებრივი პროცედურების უფრო ეფექტიანად განხორციელებას.
2026 წელს დეპარტამენტის სამიზნე შედეგი გახლავთ 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება“, – განაცხადა გურამ დავითაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ახალი ცენტრის მშენებლობა.
„მიმდინარეობს ახალი განთავსების ცენტრის მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება 150 ადამიანზე. 2025 წელს განხორციელებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება იყო, რომ მიგრაციის დეპარტამენტს მიენიჭა უფლებამოსილება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რესტორნებში, კაფეებში, სასტუმროებში ან საჯარო სივრცეში გადაამოწმოს ნებისმიერი ადგილი კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქის გამოსავლენად“, – აღნიშნა მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა.
როგორც ცნობილია, იანვარში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 232, თებერვალში კი 312 მოქალაქე გააძევეს. ეს მაჩვენებელი ჯამურად გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს თითქმის 350% პროცენტით აღემატება.
