სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2025-2026 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური 8 მარტს, 09:00 საათზე დაიწყება და 11 მარტს დასრულდება, – ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, საგამოცდო სესიები, სხვადასხვა საგანში – ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთათვის), ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული ენა, 4 დღის განმავლობაში, ცენტრის მიერ შემუშავებული განრიგის მიხედვით გაიმართება.
„8 მარტს ტესტირება გერმანულ ენაში გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება, ხოლო ფიზიკაში, რუსულ ენაში, ბიოლოგიაში, ქალაქ თბილისის №122 საჯარო სკოლაში ჩატარდება.
რეგისტრაცია ტესტირებამდე 30 წუთით ადრე დაიწყება. მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დაბადების მოწმობა ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი, ბეჭდით დამოწმებული ცნობა, ასევე ცენტრის მიერ გაცემული მოსაწვევი. მოსაწვევის ამობეჭდვა შესაძლებელია 5 მარტიდან ვებგვერდზე – ONLINE.NAEC.GE. მის ამობეჭდვას უზრუნველყოფს სკოლის ადმინისტრაცია, შესაბამისი ცხრანიშნა და ოთხნიშნა კოდების გამოყენებით.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მონაწილეებს ტესტირებისთვის საჭირო ყველა რესურსით უზრუნველყოფს, ხოლო პროცესი დადგენილი რეგლამენტის სრული დაცვით წარიმართება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ოლიმპიადის მონაწილეებს, წინასწარ გაეცნონ ტესტირების წესებს, პროცედურებს და შესაბამის საგამოცდო ცენტრში მითითებულ დროს გამოცხადდნენ.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის, მესამე ტურის დეტალური განრიგის, თითოეული საგნის ტესტის მაქსიმალური ქულისა და ტესტირებისათვის გამოყოფილი დროის, ასევე ტესტების ნიმუშების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
