ფონდი „ქართუ“ კვლავაც ჩვენი ქვეყნის სამსახურშია და გვერდში უდგას სახელმწიფოს, მათ შორის თბილისის მერიას იმ საჭირო პროექტების განხორციელებაში, რაც ესაჭიროება ქვეყანას და დედაქალაქს, – განაცხადა ფონდ „ქართუს“ დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა ახალი რეკრეაციული და გასართობი სივრცის პროექტთან დაკავშირებით თბილისის მერიასა და ფონდ „ქართუს“ შორის თანამშრომლობაზე ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებაზე.
ნიკოლოს ჩხეტიანის თქმით, ფონდი „ქართუ“ მრავალი ათწლეულის განმავლობაში ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს და ეკოლოგია, გამწვანება ვერ დარჩებოდა ყურადღების მიღმა.
„უდავოდ, თბილისს აქვს განსაკუთრებული ადგილმდებარეობა და უნიკალური ლანდშაფტი, თუმცა ამ სიმდიდრეს შესაბამისი დაცვა, მოვლა და განვითარება ესაჭიროება. თბილისში უამრავი სარეკრეაციო ზონაა და ჩვენ, ქალაქის მაცხოვრებლები ვხედავთ და ვაფასებთ იმას, თუ როგორ უვლის ქალაქის მერია არსებულ სარეკრეაციო ზონებს.
ფონდი „ქართუ“, მოგეხსენებათ მრავალი ათწლეულის განმავლობაში ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს და ბუნებრივია, ეკოლოგია, გამწვანება ვერ დარჩებოდა ჩვენი ყურადღების მიღმა. ჩვენ ამაშიც უამრავი პროექტი გვაქვს განხორციელებული სხვადასხვა მიმართულებით. იქნება ეს ქვეყნის დაცული ტერიტორიების მოვლა თუ ახალი დენდროლოგიური პარკების დაფუძნება. ახლაც, როგორც მოგეხსენებათ თბილისში ფონდი ახორციელებს რამდენიმე მსხვილ გამწვანებით პროექტს. შეგვიძლია დავასახელოთ მთაწმინდის და გარშემო ფერდების თავიდან გამწვანების პროექტი, რომელიც მოიცავს 700-ზე მეტ ჰექტარს. ეს ძალზედ უნიკალური ადგილი თავისი უნიკალურობით კიდევ უფრო წარდგება როგორც ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლების, ისე აქ ჩამოსული ტურისტების წინაშე.
ასევე, ფონდი „ქართუ“ ახორციელებს თბილისის ცენტრალური პარკის პროექტს, რომელიც ძალზედ მალე დაემატება თბილისის სარეკრეაციო ზონებს. თუმცა, უდავოა და ვეთანხმები ბატონ კახის[კალაძე], რომ თბილისს ესაჭიროება ახალი ყაიდის სარეკრეაციო ზონა, ადგილი, სადაც იქნება არამხოლოდ ატრაქციები, არამედ ვიზიტორებს ინტელექტუალური და აქტიური დასვენების შესაძლებლობას მისცემდა. ასეთი ადგილი შეირჩა თბილისის ზღვის მიდამოებში. ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით და ჩართულობით მოიძებნა მსოფლიოში დიდი გამოცდილების მქონდე საკონსულტაციო კომპანია LDP, რომელიც უკვე მუშაობს შესაბამის მულტიდარგობრივ კვლევებზე, რომელთა საფუძველზე უახლოეს მომავალში დაიწყება პროექტირება. შემდეგ კი, ბუნებრივია განხორციელდება აღნიშნული პროექტი.
ფონდი „ქართუ“ კვლავაც ჩვენი ქვეყნის სამსახურშია და გვერდში უდგას ჩვენი ქვეყნის ორგანოებს, მათ შორის თბილისის მერიას იმ საჭირო პროექტების განხორციელებაში, რაც ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას და დედაქალაქს“, – აღნიშნა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
