თბილისის მერიას, საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანია Leisure Development Partners-ს (LDP) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს შორის შეთანხმების საგანია თბილისის ზღვის არეალში გასართობ-სარეკრეაციო თემატური სივრცის შექმნა.
ხელშეკრულებას თბილისის მერმა კახა კალაძემ, ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და Leisure Developmennt Patners-ის წარმომადგენელმა ნატალი ბახლინმა მოაწერეს ხელი.
ბრიტანული კომპანია, ფონდ „ქართუსთან“ ხელშეკრულების საფუძველზე, პირველ რიგში, ჩაატარებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს, მეორე ეტაპზე კი შეიქმნება კონცეპტუალური დიზაინი.
„ფონდ „ქართუს“ დახმარებით, ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას თბილისში ახალი რეკრეაციული და გასართობი სივრცის მოსაწყობად. სასიამოვნოა ასევე ის ფაქტი, რომ, რაც დედაქალაქს უკავშირდება, საზოგადოების უდიდეს ინტერესს იწვევს. თბილისში არაერთი პარკია, მათგან რამდენიმე ისტორიული ღირებულებისაა და საქალაქო მნიშვნელობის სტატუსი აქვს, მაგრამ არ გვაქვს თანამედროვე სტანდარტების მქონე მასშტაბური გასართობი პარკი, რაც არა მხოლოდ თბილისელებისთვის იქნება შეკრებისა და გართობის მიზიდულობის ცენტრი, არამედ ტურისტულ რუკაზეც აისახება. საუბარია თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი სარეკრეაციო-დასასვენებელი ზონის შექმნაზე, სადაც დაგეგმილია, გაშენდეს ატრაქციონების პარკი. სარეკრეაციო ზონა გააერთიანებს, როგორც გართობის, ისე შემეცნებისა და დასვენების ყველა იმ კომპონენტს, რომელიც დღეს გავრცელებულია მსოფლიოში“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, მსოფლიოში ცნობილი საკონსულტაციო კომპანია LDP, გასართობი ინდუსტრიისა და ტურისტული პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზსა და სტრატეგიის შემუშავებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, სარეკრეაციო და გასართობი სივრცის მშენებლობის დეტალური პროექტი მათ მიერ შემუშავებული კვლევების მიხედვით მომზადდება.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ჩართულობისთვის. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი რეკრეაციული და გასართობი სივრცის შექმნა ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკური და ტურისტული მიმართულების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, თბილისის, როგორც თანამედროვე ევროპული ქალაქის იმიჯის გამყარებას და რაც მთავარია, შექმნის პოზიტიურ გარემოს, სადაც ბავშვები, ახალგაზრდები, ყველა ასაკის ვიზიტორები დაისვენებენ და გაერთობიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფონდი „ქართუ“ დედაქალაქში გამწვანების რამდენიმე მსხვილ პროექტს ახორციელებს, რომელთა შორის მთაწმინდის ფერდის გამწვანებისა და თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობაა, თბილისს ესაჭიროება ახალი ყაიდის რეკრეაციული ზონა, სადაც გართობასთან ერთად, დასვენების შესაძლებლობა იქნება.
„ფონდი „ქართუ“ კვლავ ჩვენი ქვეყნის სამსახურშია და გვერდით უდგას სახელმწიფო სამსახურებს, მათ შორის თბილისის მერიას, იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, რომლებიც ჩვენს ქვეყანას და დედაქალაქს ესაჭიროება“, – აღნიშნა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით კი, ახალი პროექტი საქართველოს ბაზრისთვის პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს.
„მოხარული ვართ, რომ ჩავერთეთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტის განხორციელებაში. დარწმუნებული ვარ, ეს ინვესტიცია მოიტანს საკმაოდ პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს მოსახლეობისთვის. როგორც კონსულტანტები, ჩვენი როლია, ვმართოთ დიზაინის გუნდი იმისთვის, რომ შევქმნათ საკმაოდ ამბიციური პროექტი და კონცეფცია, რომელიც დაკავშირებულია ბაზრის რეალობასთან და შესასრულებელ სამუშაოსთან. ვფიქრობ, მაქსიმალურად შევძლებთ ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობის განხორციელებას“, – განაცხადა ნატალი ბახლინმა.
ხელისმოწერის ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მერის მოადგილეები, რაიონების გამგებლები, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები, ასევე, ფონდი „ქართუსა“ და ბრიტანული კომპანიის წარმომადგენლები.










