The New York Times-ის მიერ ჩატარებული ანალიზი მიუთითებს, რომ 28 თებერვალს სამხრეთ ირანში მდებარე დაწყებით სკოლაზე განხორციელებული დარტყმა, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, 175 ადამიანი იმსხვერპლა, იმავე დროს მოხდა, როდესაც აშშ-მა იერიშების სერია მიიტანა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ კუთვნილ მომიჯნავე საზღვაო ბაზაზე.
ანალიზი ვარაუდობს, რომ მინაბში მდებარე სკოლა აშშ-ის მხრიდან შემთხვევითი დარტყმის სამიზნე გახდა იმ დროს, როდესაც იერიში მიმდინარეობდა სიახლოვეს მდებარე ირანის სამხედრო ობიექტებზე.
აშშ-მა განაცხადა, რომ მომხდარ დარტყმას იძიებს, თუმცა ამავდროულად ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები განზრახ არასოდეს ხდებიან.
„The New York Times-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობა – მათ შორის ახლახან გამოქვეყნებული თანამგზავრის ფოტოები, პოსტები სოციალურ ქსელებში და გადამოწმებული ვიდეომასალა – მიუთითებს, რომ სკოლის შენობა სერიოზულად დაზიანდა ზუსტი დარტყმის შედეგად, რომელიც იმავე დროს განხორციელდა, როდესაც იერიში მიიტანეს მომიჯნავე საზღვაო ბაზაზე, რომელსაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ მართავს“, – ნათქვამია სტატიაში.
თავდასხმიდან გასული რამდენიმე დღის განმავლობაში, აშშ-ის ოფიციალურ პირებს მომხდარზე პასუხისმგებლობა არც დაუდასტურებიათ და არც უარყვიათ.
თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ისრაელის სამხედრო წარმომადგენელმა, ნადავ შოშანიმ კვირას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ამ დროისთვის“ მას არ ჰქონდა ინფორმაცია აღნიშნულ პერიოდში „იმ ტერიტორიაზე“ ისრაელის რაიმე სამხედრო ოპერაციის შესახებ.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა საჯარო განცხადებებში აღნიშნეს, რომ აღნიშნულ დღეს ამერიკული თვითმფრინავები იმ რეგიონში ახორციელებდნენ ოპერაციებს, სადაც სკოლა მდებარეობდა.
უეს ჯ. ბრაიანტმა, ეროვნული უსაფრთხოების ანალიტიკოსმა, რომელიც აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა და პენტაგონში სამოქალაქო პირთა დაზიანების საკითხებში უფროსი მრჩეველი იყო, განიხილა თანამგზავრის ახალი ფოტოები და დაასკვნა, რომ ყველა შენობა, მათ შორის სკოლა, „წერტილოვანი სიზუსტის“ დარტყმების შედეგად იყო განადგურებული.
