უნგრეთმა უკრაინის საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები, მილიონობით ფულითა და ოქროთი, მძევლად აიყვანა. როგორც NEXTA იუწყება, ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
უკრაინის სახელმწიფო ბანკის – „ოშჩადბანკის“ შვიდი თანამშრომელი და ორი დაჯავშნილი საინკასაციო ავტომობილი, რომლებითაც ფული და ოქრო გადაჰქონდათ, უნგრეთში დააკავეს.
„არსებითად, უნგრეთმა მძევლები აიყვანა და ფული მოიპარა. თუ ეს არის ის „ძალა“, რომელზეც დღეს ბატონი ორბანი საუბრობდა, მაშინ ეს კრიმინალური ძალაა. ეს სახელმწიფო ტერორიზმი და რეკეტია“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.
გამოცემა აქვე წერს, რომ ბანკის მონაცემებით, ავტომობილებში დაახლოებით 40 მილიონი დოლარი, 35 მილიონი ევრო და 9 კილოგრამი ოქრო იყო. ტვირთი ავსტრიიდან უკრაინაში გადაჰქონდათ.
GPS-ის მონაცემების მიხედვით, ავტომობილი ამჟამად ბუდაპეშტის ცენტრში, უნგრეთის ერთ-ერთ სპეცსამსახურთან ახლოს დგას. უნგრეთის ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.
