უნდა გამოიკითხონ და თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ, მიაწოდონ. თუ ინფორმაცია არ აქვთ, უნდა განუმარტონ გამოძიებას, რატომ აბრალებენ ქვეყანას იმას, რაც ქვეყნისთვის შეიძლება დამღუპველიც იყოს, – ასე აფასებს „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი თინა ხიდაშელის, გუბაზ სანიკიძისა და გიორგი კანდელაკის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას.
„ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამოდიან და ღიად აცხადებენ, რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ და საქართველოში ხდება ამ ტერირისტების რეკრუტირება, ეს ისეთი განცხადებაა, რომელიც არ შეიძლება, არ იყოს გამოძიებული, თუ მათ ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, ისინი დიდი ხნის წინ უნდა მისულიყვნენ შესაბამის ორგანოებში და ეთქვათ. როდესაც ისინი ამას საჯაროდ აცხადებენ და ვიცით, რომ ზურგს უკან არაფერი უდგათ, ეს არის ქვეყნის მტრობა და არ შეიძლება, ამ მტრობის უკან სხვა ქვეყნის ინტერესი არ იდგეს. ვინ არის ის ქვეყანა, რომელიც ამ დაკვეთას მათ აძლევს, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ შეუძლებელია, ეს უბრალოდ ჰაერზე წამოსროლილი სიტყვები იყოს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
სუს-ში ადასტურებენ, რომ თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარეს. მათივე სურვილით ისინი სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან.
