ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი- დებატები“ „იგლ ჰილსის” პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, ეს პროექტი არის ისტორიული მოცულობის ინვესტიცია.
„ეს არის ორი უმაღლესი სტანდარტის კომპლექსი, სადაც უმაღლესი სტანდარტის განთავსების ობიექტები აშენდება, გონიოს ტერიტორიაზე მოეწყობა სრულიად ახალი ტურისტული პროდუქტი, რომელიც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს იახტკლუბის სახით. ამავდროულად მოეწყობა უნიკალური სარეკრეაციო სივრცეები, რომელიც დღეს არცერთ ტერიტორიაზე არ არის, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
ჩვენ გამჭვირვალედ ვსაუბრობთ, რომ არცერთი ფორმის გარანტია, არც ფინანსური, არც იურიდიული, ინვესტორისთვის არ მიგვიცია. საქართველოს ხელისუფლებას არავითარი კავშირი არ აქვს ინვესტორთან, როგორ მოიზიდავენ ისინი ამ თანხას. ინვესტორი ვალდებულია, მოიზიდოს სრულიად ის თანხა, რომელიც პროექტის განვითარებას სჭირდება, ნულოვანია სახელმწიფოს ვალდებულება. ეს არის უნიკალური პროექტი, იმიტომ რომ სახელმწიფომ შეძლო დამატებით დარჩენილიყო თანამესაკუთრე ასეთი მნიშვნელოვანი მიწების, მიწები არ გასხვისდა, ისევე, როგორც არც ჩუქება მოხდა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
