უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინა ქვეყანაში ნავთობის ფასების ზრდაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ევროკომისიას რუსული ენერგორესურსების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების მოთხოვნით მიმართა.
ორბანის თქმით, ქვეყანაში საწვავის ფასების მატების მიზეზი არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის ომი, არამედ უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენით „Дружба“ რუსული ნავთობის მიწოდების „ბლოკადაცაა“.
ორბანმა აღნიშნა, რომ რუსეთიდან ნავთობის ტრანზიტის შეჩერება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უნგრეთს, არამედ მთელ ევროკავშირს. ამასთან დაკავშირებით, მან მოიწვია მთავრობის საგანგებო სხდომა, რომელზეც ენერგეტიკაში შექმნილ ვითარებას განიხილავენ.
გარდა ამისა, პრემიერმა მოამზადა წერილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი, რომელშიც რუსეთის წინააღმდეგ ზოგიერთი სანქციის შეჩერებისკენ მოუწოდებს.
