ბაჩო ახალაია არაერთხელ იქნა შემჩნეული ასეთ ქმედებაში. სწორედ 4 ოქტომბრის თემა უნდა გავიხსენოთ პირველ რიგში, როდესაც მისი ინიციატივით იყო დამხობა დაორგანიზებული, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვაკის რაიონის დელეგატმა ზუკა რურუამ.
დეპუტატი გამოეხმაურა აუდიოჩანაწერს, სადაც ახალაია დამხობაზე საუბრობს და რის გამოც, გამოძიება დაწყებულია.
„ის იმეორებს იგივე ფრაზას და მოუწოდებს ადამიანებს, რომ პოლიტიკოსებს არ დაუჯერონ და პირდაპირ ხელისუფლების დამხობაზე უნდა გადავიდეს საზოგადოება. მარტივი შესაფასებელია, ახლა უკვე სამართალდამცავ ორგანოებზე არის ეს დამოკიდებული, თუ რა კვალიფიკაციას მისცემენ ამ ქმედებას“, – აღნიშნა რურუამ.
ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ეს ინფორმაცია „ქრონიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
სუს-ის განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.
საქმე ეხება აუდიოჩანაწერს, რომელიც მისმა მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. კერძოდ, ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „ივანიშვილი უნდა დაემხოს“.
