ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ არიან გავრცელებული აუდიოჩანაწერის მონაწილე პირები: 1 სულის ამოხდით ემუქრებოდა ქართულ საზოგადოებას და მეორე ადამიანი საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცებს ადანაშაულებდა ომის დაწყებაში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ, რითაც გამოეხმაურა „იმედის“ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილ აუდიოჩანაწერს.
მისი თქმით, თარგამაძე-კანდელაკის სატელეფონო საუბრის შინაარსი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შელახვას ემსახურება.
„ჩანაწერს რაც შეეხება, როგორც ჩვენი გავიგეთ, აქ საუბარია ლეპტოპზე, სადაც ეგრეთ წოდებული დანოსებია, ალბათ, ზოგი რაც მოდის გარედან დავალება და ზოგი თხოვნა რაც მიდის ქართული მხარისგან, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად“, – აღნიშნა ხელაძემ.
„იმედის“ ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობა დადგენილი არაა. შეტყობინების ავტორი ამბობს, რომ სანქციებს თავისი საფუძველი აქვს და აქცენტს აკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, გიორგი კანდელაკის დაკარგულ კომპიუტერზე, საიდანაც, მისივე თქმით, უცხოეთში ე.წ. „დანოსებს“ აგზავნიდა. ასევე მიუთითებს, რომ გივი თარგამაძე თავისიანების ლაპარაკს იწერს. აუდიოჩანაწერში ლაპარაკია სწორედ კომპიუტერზე, რომელსაც, ჩანაწერის მიხედვით, კანდელაკს არ უბრუნებენ. სატელეფონო საუბრის მონაწილეებმა „ქრონიკის“ ზარებს არ უპასუხეს.
