ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონსმა და ასამბლეის მაღალი დონის დელეგაციამ დღეს საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტი დაასრულეს – ვიზიტის მიზანს დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკურ სპექტრს შორის ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენდა, – ნათქვამია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, სახალხო დამცველს, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. დელეგაცია ასევე ეწვია ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს და შეხვდა იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით დაზარალდნენ.
„ამ დღეებმა კიდევ ერთხელ განამტკიცა ჩემი შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ბევრი ძალიან შთამბეჭდავი პოლიტიკოსი ჰყავს. როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორც ჩანს, მუდმივად აქტიურად აწარმოებენ კომუნიკაციას საერთაშორისო პარტნიორებთან. სამწუხაროდ, გაოცებული დავრჩი იმის აღმოჩენით, რომ ისინი ერთმანეთთან არ აწარმოებენ კომუნიკაციას“, – განაცხადა პრეზიდენტმა პონსმა. „მოვუწოდებ ყველა მხარეს კონსტრუქციული ჩართულობისკენ და დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ. ამაში ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება“.
დელეგაცია მიესალმა ფართო კონსენსუსს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები, როდესაც ის ჩატარდება, ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან შესაბამისობაში უნდა იყოს. თუმცა, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პოლიტიკურ სცენაზე არსებული მწვავე პოლარიზაცია კვლავაც ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება ამ მიზნების მისაღწევად და დასძინეს, რომ მომავალში ამომრჩეველი მხარს დაუჭერს მათ, ვინც ამ მისწრაფებების განხორციელებას კონსტრუქციული გზით შეეცდება.
„აშკარაა, რომ საქართველოში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სფეროში არსებული პოლარიზაცია ხელს უშლის ქვეყანას საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში. ჩვენი დელეგაცია პოლიტიკურად მრავალფეროვანია და ბევრ საკითხზე არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ ერთად ვმუშაობთ. იგივეს მოველით პოლიტიკური ლიდერებისგან აქ, საქართველოში“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუის გრასამ.
მან განაგრძო: „მოდით, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ, როგორც ეს ოქტომბერში აღვნიშნე: სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია. ცვლილებები უნდა განხორციელდეს საარჩევნო ყუთებისა და პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანოების მეშვეობით და არა იმ ძალადობით, რომელიც მათი დამხობისკენ არის მიმართული“.
„ჩვენი, ეუთოს ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანოს გადასაწყვეტი არ არის აქ არსებული პრობლემების მოგვარება. ეს საქართველოს ხალხისა და ლიდერების პასუხისმგებლობაა და იმედს ვიტოვებ, რომ გადაიდგმება პასუხისმგებლიანი ნაბიჯები პოლიტიკური სცენის დეესკალაციისა და რეალურ პოლიტიკურ დიალოგზე დაბრუნებისთვის“, – განაცხადა ბარონესა კრისტინ ბლოუერმა.
„დელეგაციამ მწუხარებით აღნიშნა მმართველი პარტიის წევრების მცდელობები გარკვეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი ნაბიჯები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააღრმავებს განხეთქილებას და ქვეყნის შემდგომ იზოლაციას გამოიწვევს. დელეგაციამ ხელისუფლებას მიმართა თხოვნით, შეხვედროდა იმ პირებს, რომლებსაც ოპოზიციური ძალები პოლიტიკურ პატიმრებად მოიხსენიებენ. მათ მწუხარება გამოთქვეს იმის გამო, რომ ამჯერად აღნიშნული შეხვედრის შესაძლებლობა არ მიეცათ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ვიზიტის პირველ დღეს დელეგაციის წევრები ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან იმყოფებოდნენ, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მათ აღნიშნეს, რომ მიმდინარე ოკუპაციის ჰუმანიტარული შედეგები კვლავ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთების საგანს წარმოადგენს.
აღნიშნული ვიზიტი ასამბლეის მხრიდან საქართველოსთან მუდმივი თანამშრომლობის ნაწილია, რაც მოიცავს როგორც არჩევნებზე დაკვირვებას, ასევე საპარლამენტო კოოპერაციას. ვიზიტის შედეგების განხილვა იგეგმება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს უახლოეს სხდომასა და ჰააგაში გასამართ ყოველწლიურ სესიაზე.
