„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას ეხმაურება.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ანგარიში ადასტურებს, რომ სრულ ფარსად გადაიქცა საერთაშორისო შეთანხმებები და გაერთიანებები.
„ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სრულ ფარსად გადაიქცა საერთაშორისო შეთანხმებები და გაერთიანებები. ფაქტია, რომ აღარ არსებობს ის ღირებულებები, რასაც ოდესღაც დეკლარირებდნენ აღნიშნული ორგანიზაციები. რთული იქნება რომელიმე კონკრეტული ჩანაწერის გამოყოფა, რადგან ანგარიში მთლიანად სიცრუეს ეფუძნება. საერთო ჯამში, მოსკოვის მექანიზმის დასკვნა გვეუბნება, რომ ადამიანის უფლებები ეს არის – ლგბტ პროპაგანდა, ხოლო დემოკრატია – კოლექტიური ნაცმოძრაობის მმართველობა.
საერთაშორისო შეთანხმებების და ვალდებულებების ფორმატები გლობალურად კარგავს ფუნქციას, რადგან ბოლომდე ირღვევა ის მსოფლიო წესრიგი, რომლის ნაყოფსაც ისინი წარმოადგენდნენ. როგორც ცნობილია, სულ რამდენიმე თვის წინ აშშ 70-მდე ასეთი ხელშეკრულებიდან გავიდა.
სრული უფუნქციობის პირობებში, ამგვარი ფორმატები, იქნება ეს ეუთო, ვენეციის კომისია თუ სხვა, სრულად ჩამოყალიბდა ოლიგარქიული ოჯახების ინსტრუმენტად, რასაც საკუთარი პოლიტიკური და იდეოლოგიური მიზნებისთვის იყენებენ.
უცვლელია საქართველოში ხელისუფლების დამხობის და მისი აგენტურით ჩანაცვლების სცენარი, და ეუთოს დასკვნა, ისევე როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია თუ სხვა მექანიზმები, გასული წლების მსგავსად, ასრულებს რევოლუციური პროცესებისთვის „საწვავის“ როლს.
ასეთ რეალობაში მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა დატოვოს აბსოლუტურ ფარსად და მხოლოდ შანტაჟის იარაღად გადაქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები თუ ორგანიზაციები. საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია ხელისუფლებას ამ ვალდებულებების შესრულება, როდესაც ჩვენგან ითხოვენ, რომ უარი ვთქვათ საკუთარ სარწმუნოებაზე, ტრადიციულ ღირებულებებზე, სუვერენიტეტზე და ხელისუფლებაში დავაბრუნოთ აგენტურული ქსელი. არ არსებობს სხვა რაიმე ობიექტური შეფასების კრიტერიუმი, და ეს ვითარება მომავალში არათუ გაუმჯობესდება, არამედ დეგრადაციის დონე ყველა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება.
მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ აღარ არის საკმარისი ევრობიუროკრატიის მხილება და კრიტიკა, არამედ საჭიროა საბოლოოდ მოვიშოროთ თავსმოხვეული შეთანხმებები და ვალდებულებები, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი პოზიტიური ეფექტი ჩვენი ხალხისა თუ ქვეყნისთვის და გამოყენებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
