ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ევროპარლამენტარების ნაწილი სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს.
ვინც ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ასეთი რეზოლუციები ხშირად ორმაგი სტანდარტით, გეოპოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე მზადდება.
„გადავწყვიტეთ, რომ ამ რეზოლუციისთვის ხმის მიცემისგან თავი შეგვეკავებინა. არ უნდა ჩავერიოთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ მოსამართლეები. თუ რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას მოსამართლეები მიიღებენ, მაშინ არ ვიცი, რა კავშირი უნდა ჰქონდეს ამასთან ევროპულ პოლიტიკას. საჭიროა თანამშრომლობა ევროკავშირის გარეთ მდებარე ქვეყნებთან. საჭიროა დიალოგი, თქმა იმისა, რას არ ვეთანხმებით და რა არის ჩვენი ღირებულებები. მაგრამ პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მოვუსმინოთ მეორე მხარესაც. ამიტომ ვფიქრობ, რომ ევროკავშირი სწორ გზას არ ირჩევს ამ საკითხში. ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფერი ვიცოდეთ ყველას შესახებ და ვფიქრობ, რომ ბევრ შემთხვევაში ასეთი რეზოლუციები მზადდება ორმაგი სტანდარტების გამოყენებით. ხშირად ისინი გამოიყენება საზოგადოებრივ აზრზე ზეწოლის მოსახდენად და ასევე, გეოპოლიტიკური მიზნებისთვის. არ უნდა გვქონდეს ურთიერთობები მხოლოდ იმ მთავრობებთან, რომელიც მოგვწონს. საჭიროა დიალოგი ყველა ქვეყნის მთავრობასთან. არავის შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს ქართველი ხალხის ნაცვლად“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა დანილო დელა ვალემ.
ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმის გამო მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობასა და საბოტაჟში ბრალდებული ელენე ხოშტარია.
რეზოლუციას სახელწოდებით „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა.
