დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით „ამბასადორის კუნძულის“ პირველ, უმსხვილეს ნაგებობას, რომელიც თვისებრივად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ამ რეგიონში და ზოგადად, შავი ზღვისპირეთში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ამბასადორ აილენდ ბათუმის“ პირველი ცათამბჯენის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროექტი არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ყველაზე თამამი და ამბიციური იდეების სწრაფი და ეფექტური განხორციელება სრულიად რეალურია.
„დღევანდელი მოვლენა ნამდვილად ისტორიულია თავისი შინაარსით. დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით „ამბასადორის კუნძულის“ პირველ, უმსხვილეს ნაგებობას, რომელიც თვისებრივად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ამ რეგიონში და ზოგადად, შავი ზღვისპირეთში.
ეს ინიციატივა უპრეცედენტო მასშტაბისაა. ზღვაში 84 ჰექტარი ტერიტორიის ფორმირება ურთულესი საინჟინრო გამოწვევაა. დღეს უკვე ვხედავთ, რომ მიწის სამუშაოების 50 პროცენტზე მეტი შესრულებულია და 48 ჰექტარი მიწა უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ყველაზე თამამი და ამბიციური იდეების სწრაფი და ეფექტური განხორციელება სრულიად რეალურია.
ჩვენთვის ძალიან ღირებულია პროექტის ეკონომიკური განზომილება. მხოლოდ პირველი ცათამბჯენის მშენებლობაში 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. კუნძულის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ კი ბიუჯეტში წლიურად 65 მილიონი დოლარის გადასახადი შევა“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის მოცულობა და ეკონომიკური მნიშვნელობა ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა შედეგის მოტანა შეუძლია ქართული ბიზნესის პოტენციალისა და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის სინერგიას.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალი კუნძულის ტერიტორიის 49 პროცენტი მთლიანად რეკრეაციულ ზონებს დაეთმობა. სამუშაოები მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო საინჟინრო და ურბანული გეგმარების კომპანიების, მათ შორის ბრიტანული Arup-ის უშუალო ჩართულობით, რაც „ჭკვიანი ქალაქისა“ და მდგრადი განვითარების პრინციპების უმაღლეს დონეზე დაცვას უზრუნველყოფს.
პროექტის მოცულობა და ეკონომიკური მნიშვნელობა ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა შედეგის მოტანა შეუძლია ქართული ბიზნესის პოტენციალისა და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის სინერგიას. დღევანდელი დღე სწორედ ასეთი წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.
მადლობას ვუხდი „ამბასადორი ჯგუფს“ და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაშია ჩართული – მადლობა არქიტექტორებს, ინჟინრებს, მშენებლებსა და ყველა სპეციალისტს, ვისი ყოველდღიური შრომითაც ეს პროექტი ხორციელდება. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ამ პროექტის სულის ჩამდგმელს, ბატონ ბუბა ქებურიას, ამ უნიკალური პროექტის განხორციელებისთვის.
2029 წელს ჩვენ უკვე ვიხილავთ დასრულებულ პირველ ცათამბჯენს ეს იქნება განვითარებისა და პროგრესის ახალი სიმბოლო, რომელიც ბათუმს და, ზოგადად, საქართველოს კიდევ უფრო მყარად დაამკვიდრებს მსოფლიოს საინვესტიციო და ტურისტულ რუკაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
