ახლა ყველაფერს იყენებენ, მივიწყებულ მექანიზმებს, სადაც კი რამე არსებობს მათ არსენალში, ყველაფერს არიან ჩაჭიდებულები, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმსა“ და რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამჯერად რადიკალური ოპოზიციის გარე პატრონების სურვილია, როგორმე მათ „ჟანგბადი მისცენ“, თუმცა ქართველ ხალხს ისინი უკვე ვეღარ მოატყუებენ.
„რაღაც ჯაჭვი იყო აგებული, ფულის შოვნის ერთგვარი სქემები და გამჭვირვალობის კანონმა როგორც კი ეს გამოააშკარავა, აგენტურული ფულის შოვნის ეს სისტემა თავზე ჩამოეშალათ. ახლა უნდათ, რომ როგორმე საქართველოში გადაარჩინონ აგენტურული ძალის წარმომადგენლები, რომ იქნებ, რამე გამოუვიდეთ ხან „მოსკოვის მექანიზმის“ ჩართვით, ან რა მექანიზმზეა საუბარი?! ან ეს მექანიზმი რატომ მაშინ არ გაახსენდათ, როდესაც მათი აგენტურა მართავდა ქვეყანას და უამრავი უდანაშაულო ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს, წამებით ამოხადეს სული; ათიათასობით ოჯახი გააუბედურეს! სად იყო მაშინ „მოსკოვის მექანიზმი“?! რატომ არ ახსენდებოდათ, ხომ საინტერესოა?
ახლა ყველაფერს იყენებენ, მივიწყებულ მექანიზმებს, სადაც კი რამე არსებობს მათ არსენალში, ყველაფერს არიან ჩაჭიდებულები, რომ როგორღაც ხელიდან არ გაუშვან, რადგან ეს მათთვის ძალიან ტკბილი ლუკმა იყო. რომ იტყვიან, საქართველოს თავის ნებაზე აპამპულებდნენ და მათ თავიანთი ხელის ბიჭები ჰყავდათ აქ ადგილზე. ბუნებრივია, ფულის შოვნისა და ამ აგენტურის ერთგვარი ოაზისი ჰქონდათ შექმნილი საქართველოს სახით. ეს ვეღარ გამოუვათ, რადგან ქაართველმა ხალხმა ყველაფერს საკადრისი პასუხი გასცა“, – განაცხადა სოსიაშვილმა.
ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.
ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.
