მაქვს მოლოდინი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ძვრებისა, თუმცა ეს არის სამუშაო პროცესი, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
სამხარაძის თქმით, შესათანხმებელია საკითხები, რომლებიც ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია.
„რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ დონით ურთიერთობის და სტატუს-კვოთი, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს შორის არსებობს. ამას აქვს ობიექტური საფუძველი და სწორედ ამის შესახებ მქონდა საუბრები, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოში და ახლა უკვე ომის დეპარტამენტში, სადაც საკმაოდ მაღალი და უმაღლესი დონის შეხვედრები მქონდა.
პირველ რიგში, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები უნდა იყოს თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე არის დღეს. ამის თქმა შემიძლია საჯაროდ იმიტომ, რომ ამის ინტერესი მე დავინახე ამ შეხვედრებზე.
ეს არ იყო მოკლეხნიანი შეხვედრები, საკმაოდ დიდი დრო გვქონდა იმისთვის, რომ თითოეული საკითხი განგვეხილა. განგვეხილა ის პრობლემატიკა, რაც არის ჩვენს ურთიერთობებში. როგორ შეიძლება ამ პრობლემატიკის აღმოფხვრა ერთის მხრივ და მეორე, როგორ შეიძლება ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარება.
რა თქმა უნდა, მე ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ დახურული შეხვედრები იყო და ამის უფლება არც მაქვს, თუმცა გეტყვით, რომ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს მიდგომამ შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით. ეს არის ის სტრატეგიული დერეფანი, რომელიც დღეს ყველას აინტერესებს. ამ მხრივ, მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს დერეფანი, ამ დერეფანთან დაკავშირებული სფეროები, მათ შორის ენერგეტიკა, ლოჯისტიკა, ტრანსპორტი, უსაფრთხოება, ეს ყველაფერი არის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ინტერესში. ამიტომ, ჩვენ სწორედ იმაზე უნდა ავაწყოთ ჩვენი ახალი ურთიერთობები, რაც როგორც ჩვენს ინტერესშია, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ინტერესშია.
ახალი ადმინისტრაცია ძალიან განსხვავდება წინა ადმინისტრაციისგან. ესეც აუცილებლად სათქმელია. აქ არის როგორც ღირებულებითი განსხვავება, ასევე არის მსოფლმხედველობრივი განსხვავება და ეს მსოფლმხედველობრივი განსხვავება ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ ახალი უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც ნოემბერში გამოიცა და სწორედ ამ უსაფრთხოების სტრატეგიის ავტორთან მქონდა მე შეხვედრა.
მაქვს მოლოდინი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ძვრებისა. თუმცა, ეს არის სამუშაო პროცესი. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმ საკითხებზე, რომლებიც ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია. ამ პირობით უნდა შევიდეთ ახალ მოლაპარაკებებში“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
