თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში და როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს, – ასე მიმართა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებელ პოლიტიკოსს ნიკა ობოლაძეს.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ბრიუსელთან არასდროს ყოფილა ინიციატორი რაიმე, მათ შორის, რიტორიკული კონფლიქტისა.
„ეს უკვე შეცდომა აღარ არის, ეს არის განზრახვა, რომ თქვენ ქრონოლოგიებს ურევთ ერთმანეთში, თქვენ მიზეზს და შედეგს ერთმანეთში ურევთ და ანაცვლებთ, თქვენ თავდასხმას და თავდაცვას ერთმანეთში ურევთ. თქვენ ერთმანეთში ურევთ მსხვერპლს და თავდამსხმელს. როგორც „იმედის“ შემთხვევაში ერთმანეთში აურიეს ზოგიერთებმა, შეიძლება თქვენც ურევთ, რომ მსხვერპლი გგონიათ ბრიტანეთი და თავდამსხმელი „იმედი“, არადა სინამდვილეში სხვანაირად არის.
ჩვენ არასდროს არავისთან მიმართებაში და მათ შორის, ევროპელი ბიუროკრატების თუ ბრიუსელთან მიმართებაში, არასდროს ვყოფილვართ ჩვენ ინიციატორი რაიმე, მათ შორის, რიტორიკული კონფლიქტისა. ნებისმიერი ფაქტი ნახეთ, ეს არის ყოველთვის პასუხი. პასუხი იმაზე, რომ ეს თავხედობა თქვა, „საქართველოში რუსეთი იმარჯვებს“. ყოველთვის არის პასუხი, ეს იცოდეთ, თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში და როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
