რადიკალურ ჯგუფებს პრობლემა არ აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან, პრობლემა აქვთ საქართველოს კონსტიტუციასთან. ამიტომ, მათ თუ რაიმესთან დაკავშირებით უნდა ილაპარაკონ, უნდა ილაპარაკონ კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის კოდექსის საკითხებზე, რომელიც ასე უხვად აქვთ დარღვეული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები ითხოვენ.
„რაც შეეხება „ლელოს“, მათ ჩვენთან ან ჩვენ მათთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს. მათმა ზოგიერთმა წევრმა ელაპარაკოს სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებით საქმეები არის. ასე რომ, ეს არის მთავარი პრობლემა. პრობლემაა არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, არამედ ის, რომ პოლიტიკურ დიალოგს ითხოვენ კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ პარტიის ლიდერთა სათათბიროს შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აუცილებელია, დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს.
ამასთან, „ლელოს“ ამ განცხადებას ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
