საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება სამარადჟამოდ დაუკავშირდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს სახელს და ეს არის არა მხოლოდ ქართული ეკლესიისთვის, არამედ ერისთვისაც უმნიშვნელოვანესი დღე, – განაცხადა საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის დღეზე საუბრისას, რომელიც 25 მარტს აღინიშნება.
მისი თქმით, ხვალ, 25 მარტს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში, სინოდის წევრებთან ერთად, აღავლენს პარაკლისს, რის შემდეგაც აღევლინება პანაშვიდი საქართველოს პატრიარქის ილია მეორესთვის, რადგან ხვალ მისი გარდაცვალებიდან მეცხრე დღეა.
„ავტოკეფალია ეს არის ეკლესიის დამოუკიდებლობა, როცა ეკლესია თავად განაგებს საკუთარ თავს და სხვა რომელიმე ადგილობრივ ეკლესიაზე დამოკიდებული არ არის. როცა 1811 წელს გაუქმდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ეს იყო საეკლესიო კანონების უხეში დარღვევა. საქართველოს ეკლესიას ჰქონდა უძველესი ავტოკეფალია და მისი გაუქმება მხოლოდ შეეძლო მსოფლიო საეკლესიო კრებას. ვინაიდან ასეთი კრება არ გამართულა, ამდენად, კანონიკურ საფუძველს მოკლებული იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება. რა თქმა უნდა, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1917 წელს აღიდგინა ავტოკეფალია და ამას, რა თქმა უნდა, ბევრი თაობის სიცოცხლე და ძალისხმევა შეეწირა. ეს ძალისხმევა გულისხმობს იმას, რომ ამ დამოკიდებულებაში ავტოკეფალიის მოსაპოვებლად გამთლიანებული იყვნენ როგორც საერო, ისე სასულიერო პირები. ღვთის მადლით ეს შესაძლებელი გახდა 1917 წლის 12 მარტს, ძველი სტილით, ხოლო ახალი სტილით, 25 მარტს. მთელი სირთულე მდგომარეობდა იმაში, რომ ავტოკეფალია კი გამოაცხადდა, მაგრამ ამ დამოუკიდებლობას არ ცნობდა ადგილობრივი ეკლესიების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც ძალიან დიდ სირთულეს ქმნიდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს განუზომელი ღვაწლი აქვს ჩვენი ერის წინაშე. პატრიარქი მთელი თავისი ცხოვრება ფეხზე იდგა საქართველოსთვის და მისთვის ყოველთვის ყველაზე მთავარი იყო საქართველოს ეკლესია, საქართველო და მართლმადიდებელი სამყარო. პატრიარქის აღსაყდრების უპირველესი მიზანი ავტოკეფალიის დაბრუნება იყო. საპატრიარქოს არქივი ინახავს წერილებს, როგორ მიმართავს პატრიარქი მსოფლიო ადგილობრივი ეკლესიის მეთაურებს და წარმოუდგენლად საფუძვლიანი ცოდნით წარმოაჩენს იმას, რომ საქართველოს ეკლესია უძველესი დროიდან იყო ავტოკეფალიური. პატრიარქის ამ მრავალწლიანმა შრომამ, თანმიმდევრულობამ თავისი შედეგი გამოიღო და 1990 წელს 4 მარტს, მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს პატრიარქს გადასცა საქართველოს უძველესი ავტოკეფალიის ცნობის, ტომოსის სიგელი, რაც არის საბოლოო გამარჯვება, რაც სამარადჟამოდ დაუკავშირდა საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ს სახელს. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე არა მარტო ეკლესიისთვის, არამედ მთელი ერისთვის. ამ დღეს თავად პატრიარქი ყოველთვის მობრძანდებოდა სიონის ტაძარში და ხვალ, 14:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა აღავლენს პარაკლისს, ხოლო ამის შემდგომ აღევლინება პანაშვიდი, რადგან უწმინდესის გარდაცვალებიდან არის მეცხრე დღე“, – აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ.
