ბრიტნი სპირსი სარეაბილიტაციო ცენტრში სამკურნალოდ გაემგზავრა მას შემდეგ, რაც ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის დააკავეს. ინფორმაცია გამოცემა The Hollywood Reporter-ს მომღერლის წარმომადგენელმა დაუდასტურა.
სპირსი 4 მარტის საღამოს კალიფორნიაში დააკავეს და პოლიციის განყოფილებიდან მომდევნო დღის დილას გაათავისუფლეს. საქმეზე სასამართლო სხდომა 4 მაისს, ვენტურას ოლქის უზენაეს სასამართლოშია ჩანიშნული.
დაკავების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, არტისტის წარმომადგენელმა მომხდარს „მიუტევებელი ინციდენტი“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სპირსი აპირებს „გადადგას სწორი ნაბიჯები“ სიტუაციის შესაცვლელად და საჭირო დახმარების მისაღებად.
ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან და დამოკიდებულებებთან დაკავშირებული პრობლემები მომღერლის კარიერას მანამდეც თან სდევდა. 2007 წელს მან უკვე გაიარა მკურნალობა ცენტრში Crossroads, რომელიც მუსიკოსმა ერიკ კლეპტონმა დააარსა.
2008 წელს, ყოფილ ქმართან, კევინ ფედერლაინთან სასამართლო დავის ფონზე, მომღერალი ორჯერ იყო ჰოსპიტალიზებული, რის შემდეგაც მასზე მეურვეობა დაწესდა. 13 წლის განმავლობაში მის კარიერასა და ფინანსებს მისი მამა, ჯეიმი სპირსი, აკონტროლებდა. ბრიტნი სპირსი მეურვეობისგან 2021 წელს გათავისუფლდა მასშტაბური კამპანიის #FreeBritney-ს შემდეგ, რომელსაც მომღერლის თაყვანისმცემლებმა და ზოგიერთმა ცნობილმა ადამიანმა დაუჭირეს მხარი.
