თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაშავდა, თავდამსხმელმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებაში ცეცხლი უმისამართოდ გახსნა ამავე სკოლის ყოფილმა მოსწავლემ. შემთხვევა შანლიურფის პროვინციაში, სივერეკის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მოხდა.
გავრცელებული ცნობით, შეიარაღებულმა პირმა სროლის შემდეგ ჯერ სკოლის შენობაში დამალვა სცადა, შემდეგ კი დანებებაზე უარი თქვა და თავი იმავე იარაღით მოიკლა.
შანლიურფის პროვინციის გუბერნატორის, ჰასან სილდაკის განცხადებით, დაშავებულებს შორის ათი მოსწავლე, ოთხი მასწავლებელი, სასადილოს თანამშრომელი და ერთი პოლიციელია. როგორც მედია წერს, ერთ-ერთი მასწავლებელის მდგომარეობა მძიმეა.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით გაურკვეველია.
