ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ანგარიშის თანახმად, მარტში რუსეთის ნავთობიდან შემოსავლები თითქმის გაორმაგდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
აშშ-ისრაელის ომმა ირანის წინააღმდეგ რუსულ ნედლ ნავთობზე ფასები გაზარდა, რამაც რუსეთს მოულოდნელი და დიდი მოგება მოუტანა.
მანამდე რუსული ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე 46 დოლარი იყო. მარტში მისმა ფასმა ბარელზე 78 დოლარს მიაღწია. ამან განაპირობა მარტში 19 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტი, ნაცვლად თებერვალში დაფიქსირებული 9.7 მილიარდი დოლარისა.
ეს რუსეთისთვის ხელსაყრელ დროს მოხდა, რადგან ქვეყანამ 2026 წლის დასაწყისში 60 მილიარდ დოლარზე მეტი საბიუჯეტო დეფიციტი დააფიქსირა.
რუსეთის ეკონომიკა უკრაინაში მიმდინარე ომის ხარჯზე გაიზარდა, რამაც სამხედრო ხარჯებისა და ინდუსტრიული წარმოების მატება გამოიწვია. თუმცა, მოგვიანებით ეკონომიკა სტაგნაციის პერიოდში შევიდა.
