სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია სომხური სოფლის საქართველოსთვის გადაცემის შესახებ.
ნაზელი ბაგდასარიანის განცხადებით, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა „ინფორმაცია“ საზღვრის დემარკაციის პროცესის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც, სომხეთი, სავარაუდოდ, საქართველოს გადასცემს ალავერდის გაფართოებული თემის ნაწილს, სოფელ ჯილიზას. ნებისმიერი განცხადება, იდეა ან „ინფორმაცია“ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის ნებისმიერი ნაწილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემის განზრახვის, გეგმის ან შეთანხმების შესახებ, თავისი არსით, სიმართლეს არ შეესაბამება. ამიტომ, როგორც ადრე, ჩვენ უარვყავით, უარვყოფთ და გავაგრძელებთ ასეთი შინაარსის ნებისმიერი პუბლიკაციის უარყოფას, რადგან ისინი გამოგონილია“, – აღნიშნულია სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის პრესსპიკერის განცხადებაში.
