აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა არ იცის, რას ლაპარაკობს, როდესაც ამბობს, რომ ირანს ბირთვული იარაღი უნდა ჰქონდეს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამ შემთხვევაში მთელი მსოფლიო ირანის მძევალი გახდებოდა.
„გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ფიქრობს, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის ქონა ნორმალურია. მან არ იცის, რას ლაპარაკობს. ირანს ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეს, მთელი მსოფლიო მისი მძევალი იქნებოდა. ახლა ირანთან დაკავშირებით ისეთ რამეს ვაკეთებ, რაც სხვა ერებს ან პრეზიდენტებს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ. გასაკვირი არ არის, რომ გერმანიას ეკონომიკურად და სხვა მიმართულებებითაც ასე ცუდად აქვს საქმე“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობამ აშშ „დაამცირა“. მისივე თქმით, ვერ ხედავს, რომ ირანის წინააღმდეგ ომში აშშ-ს რამე სტრატეგია აქვს. მერცის შეფასებით, ირანელები „ძალიან ოსტატურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს“ და „უფრო ძლიერი არიან, ვიდრე ვინმე იფიქრებდა“. ფრიდრიხ მერცმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.
