აშშ-ის პრეზიდენტმა თავის მრჩევლებს დაავალა ირანის ხანგრძლივი ბლოკადისთვის მოემზადონ. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს არის სარისკო ნაბიჯი, რომლის მიზანს თეირანის ბირთვული პროგრამის კაპიტულაცია წარმოადგენს.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ გამართული შეხვედრების დროს, მათ შორის სიტუაციურ ოთახში, ტრამპმა გადაწყვიტა გააგრძელოს ზეწოლა ირანის ეკონომიკასა და ნავთობის ექსპორტზე, შეზღუდოს რა საზღვაო მიმოსვლა მის პორტებში.
ამერიკელი ჩინოვნიკების განცხადებით, თეთრი სახლის ლიდერი ირანის წინააღმდეგ სხვა ვარიანტებსაც განიხილავდა, კერძოდ, დაბომბვების განახლებას და კონფლიქტიდან გამოსვლას, რაც საზღვაო ბლოკადის შენარჩუნებაზე უფრო სარისკო იქნებოდა.
თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ჰორმუზის სრუტის ბლოკადაც აჭიანურებს კონფლიქტს. ამ გარემოებამ უკვე გამოიწვია ბენზინზე ფასების მატება, ტრამპის რეიტინგის გაუარესება და „რესპუბლიკური“ პარტიის გამარჯვების შანსები შუალედურ არჩევნებზე შეარყია.
7 აპრილს გამოცხადებული ზავის შემდეგ ტრამპი კონფლიქტის ესკალაციაზე არაერთხელ აცხადებდა უარს და კარს უხსნიდა დიპლომატიას. თუმცა, მას კვლავ სურს ირანის რეჟიმზე ზეწოლის გაძლიერება, რათა მან მთელი თავისი ბირთვული პროგრამის დემონტაჟის განახორციელოს, წერს გამოცემა.
მოცემული მომენტისთვის, ტრამპს ჰორმუზის სრუტის უვადო ბლოკადა ხელს აძლევს, რადგან ის, როგორც მან თავის სოციალურ ქსელში დაწერა, ირანს ჩამოშლის პირას აყენებს. ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ბლოკადა ირანის ეკონომიკას ანგრევს, ქვეყანას ნავთობის შენახვა უჭირს და რეჟიმს ვაშინგტონთან მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს.
