მინდა, ეს კვლევითი ორგანიზაციები თავისუფლების ბოლო კუნძულებად ჩავთვალო, ორგანიზაციებად, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ობიექტურობას. ეს იმის მანიშნებელია, რომ ყველა დანარჩენი ნარატივი, რომელსაც ევროპარლამენტის სხვადასხვა რეზოლუციაში ან რომელიმე ევრობიუროკრატის განცხადებაში შეხვდებით, ტყუილი და გამოგონილი ნარატივია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასებაზე, რომელიც „ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, უმაღლესი შეფასება აქვთ საქართველოსა და მონტენეგროს.
„კიდევ კარგი, ეს მექანიზმი ევროპაში ჯერ კიდევ მოქმედებს. ასეთი კვლევები როდესაც ტარდება, თუ ეს სოლიდური ორგანიზაციაა, ინფორმაციას ნარატივებზე დაყრდნობით კი არა, ფაქტებზე დაყრდნობით იკვლევს. ფაქტი რა არის? ნებისმიერი რეზონანსული საქმე, რომელიც სტრასბურგში გასაჩივრდა, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ქართული მართლმსაჯულება მართალი იყო. ვიღაცების მონაყოლზე კი არა, სასამართლო სისტემის შიგნით განხილულ საქმეებზე დაყრდნობით. ევროპის სასამართლომ ყველა რეზონანსულ საქმეზე თქვა, რომ ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილება სწორი იყო.
ასეთ ვითარებაში, თუ სერიოზული მკვლევარი ხარ და ასეთი მონაცემები გაქვს, ვერ დაწერ, რომ ქართული მართლმსაჯულება არ მოგწონს. ეს დადებითი და კარგია. მივესალმები ამას და მინდა, ეს კვლევითი ორგანიზაციები თავისუფლების ბოლო კუნძულებად ჩავთვალო – ორგანიზაციებად, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ობიექტურობას. ეს იმის მანიშნებელია, რომ ყველა დანარჩენი ნარატივი, რომელსაც ამ თემაზე ევროპარლამენტის სხვადასხვა რეზოლუციაში ან რომელიმე ევრობიუროკრატის განცხადებაში შეხვდებით, ტყუილი და გამოგონილი ნარატივია. საქართველოში მართლმსაჯულება და სამართლის უზენაესობა თუ უკანა პლანზეა გადაწეული, მაშინ როგორ ხდება, რომ ადამიანები, რომლებიც ჩემს ქვეყანაში ასე ფიქრობენ და ამას ევროპის სასამართლოში ასაჩივრებენ, საბოლოოდ სახელმწიფო ყოველთვის გამარჯვებული გამოდის? ეს როგორ ხდება?“ – განაცხადა შარმანაშვილმა.
