აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის აღფრთოვანება ავტორიტარული ლიდერებით ხშირად სცილდებოდა დიპლომატიურ ფარგლებს.
ბოლტონი იხსენებს ოსაკაში გამართულ G20-ის სამიტს, სადაც ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან ორმხრივი შეხვედრისას არაერთი მოულოდნელი კომპლიმენტი გააჟღერა.
„ტრამპმა სიმპათია არ დაიშურა და სის უთხრა: თქვენ ხართ ჩინეთის უდიდესი ლიდერი მაო ძედუნის შემდეგ. ამან ყველა ცოტა არ იყოს გააოცა, თუმცა მან ამით არ დაასრულა და დაამატა: სინამდვილეში, თქვენ ჩინეთის ისტორიაში ყველაზე დიდი ლიდერი ხართ“, – აცხადებს ბოლტონი.
ბოლტონის თქმით, დონალდ ტრამპს სჯერა, რომ მას სი ძინპინთან და ვლადიმირ პუტინთან პირადი მეგობრობა აკავშირებს, რაც რეალობისგან შორს არის.
ყოფილი მრჩეველი დარწმუნებულია, რომ ავტოკრატიული რეჟიმების ლიდერები ტრამპის ამ განწყობას სათავისოდ იყენებენ.
„მას ჰგონია, რომ სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის მეგობარია, თუმცა გარწმუნებთ, რომ ისინი ტრამპს სულ სხვაგვარად აღიქვამენ. ვფიქრობ, ორივე მათგანი მას ადვილ ლუკმად მიიჩნევს“, – დასძინა მან.
