გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური ინსპექტორის, კარსტენ ბროიერის განცხადებით, 2029 წელს რუსეთს ნატოზე თავდასხმის შესაძლებლობა ექნება.
ის აგრეთვე არ გამორიცხავს, რომ თავდასხმა 2029 წელზე ადრე მოხდეს.
„სხვადასხვა მაჩვენებლები – შეიარაღება, პირადი შემადგენლობის რაოდენობის გაზრდა, ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებები – მიუთითებს ერთ თარიღზე: 2029. შეიძლება, რომ ეს ადრეც მოხდეს? დიახ“, – განაცხადა ბროიერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, როდის შეიძლება, რომ რუსეთი ნატოს თავს დაესხას.
„ზუსტად ამიტომ გვჭირდება, პირველ რიგში, მზადება დაუყოვნებლივი ბრძოლისთვის, ხოლო მეორე მხრივ, 2029 წლისთვის საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება და მესამე, ტექნოლოგიური უპირატესობა 2035 წლისთვის და შემდეგაც. ახალი სამხედრო სტრატეგია და ბრძოლისუნარიანობის პროფილი განვითარების განმსაზღვრელია“, – დასძინა ბუნდესვერის გენერალურმა ინსპექტორმა.
