ბოიკოტისტებს რამის თავი თუ აქვთ, შეუძლიათ, მსგავსი აქტივობისთვის სხვა თარიღი შეარჩიონ, რადგან 26 მაისი ეროვნული დღესასწაულია, როცა ქართული საზოგადოება დამოუკიდებლობის დღეს ერთად უნდა ზეიმობდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციის ნაწილი მსგავსი სახის დღის წესრიგით „ოცნების“ პროპაგანდის სასარგებლოდ მოქმედებს.
„უკვე ღიმილის მომგვრელი არ არის იმის თქმა, რომ 26 მაისს იწყებენ და ამთავრებენ. არ ვიცი, რას იწყებენ და ამთავრებენ. 26 მაისი საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, სადაც საზოგადოება ერთიანი უნდა იყოს. ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი ძალის მხრიდან სიმბოლური თარიღების გამოყენება, რომ საზოგადოების დაყოფა მტრებად და მომხრეებად მოხდეს. მსგავსი სახის დღის წესრიგით „ოცნების“ პროპაგანდის სასარგებლოდ მოქმედებენ. ამის დამადასტურებელი ფაქტი არაერთხელ ყოფილა. 26-ში ვიწყებთ და ვამთავრებთო, გვახსოვს და ამის მაგალითი იყო 4 ოქტომბერი, როგორ დაიწყეს და როგორ დაამთავრეს. ზოგიერთმა პოლიტიკური მოწოდებებით დაიწყო, შემდეგ ზოგი სახლში ჩაიკეტა და შეცდომაში შეყვანილი მოქალაქეები პოლიციას ბარიკადებთან შეატოვეს. ასეთი ქმედებები მიუღებელია და ეს ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს“, – განაცხადა ფარულავამ.
