მნიშვნელოვანია, რომ კომპანია „ჰანიველ პარტნერსი“ სრულიად არის გაქართულებული, ადგილობრივი ჯგუფი მართავს ამ კომპანიას, რამაც მოგვცა უზარმაზარი წინსვლა და ის გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ, არის ზუსტად ამის შედეგი, – განაცხადა კომპანია „ჰანიველ პარტნერსის“ მმართველმა პარტნიორმა ირაკლი რუხაძემ კასპის ქარხანაში ახალი 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის დაწყების ცერემონიაზე.
მისივე თქმით, კომპანია აგრძელებს ზრდას და მათი მიზანია, საქართველოს განვითარებისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებში წვლილის შეტანა.
„ბატონო პრემიერო, ქალბატონო მინისტრო, ძალიან დიდი მადლობა, რომ გვეწვიეთ დღეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მე ამაყი ვარ, რომ ვარ ამ წარმოუდგენლად წარმატებული კომპანიის ნაწილი. ჩემი კომპანია და თანადაფინანსების ფონდი დაახლოებით, 8-9 წლის წინ შემოვიდა ამ კომპანიაში, გავხდით თანამფლობელები და ამ დროის განმავლობაში მოვახერხეთ 200 მილიონ დოლარზე მეტი დაგვებანდებინა ამ კომპანიის განვითარებაში. შევქმენით დამატებითი სამუშაო ადგილები, გვქონდა უპრეცედენტო ზრდა, გავაკეთეთ ახალი ინოვაციური პროექტები, მაგალითად ამ ხაზს, რომელსაც ხედავთ, ის დღეს საქართველოში გადაყრილი საბურავების დაახლოებით 10 პროცენტს ამუშავებს და ამას ყველაფერს ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით. ეს ყველაფერი ხდება, რა თქმა უნდა, ეკოლოგიურად სუფთა გზით.
რაც მთავარია, ეს კომპანია სრულებით გაქართულდა. რას ნიშნავს ეს, რომ ჩვენ გვყავს გენერალური დირექტორი, რომელიც არის ქართველი, დათო ჯუღაშვილი და მე თუ მკითხავთ, ამ გაქართულებამ და იმის შესაძლებლობამ, რომ ადგილობრივი ჯგუფი მართავს ამ კომპანიას, მოგვცა უზარმაზარი წინსვლა და ის გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ, არის ზუსტად ამის შედეგი.
ჩვენ ველოდებით, რომ საქართველო გააგრძელებს განვითარებას. ის პროექტები, რომელიც ალბათ ყველაზე საინტერესოა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჯერ კიდევ არ მომხდარა – პორტები, ჰიდროელექტროსადგურები, ახალი აეროპორტი, პროექტები, რომელზეც ბევრი საუბარი მიდის და იმედი გვაქვს, რომ მალე დაიწყება. ამისთვის ვემზადებით ჩვენ, რომ მივაწოდოთ ის ცემენტი და ბეტონი, რომელიც ამ პროექტებს დასჭირდება. ამიტომ, ჩვენ ვამატებთ არა მხოლოდ კლინკერის წარმოებას, ჩვენ ქვეყანაში კლინკერის ერთადერთი მწარმოებლები ვართ, არამედ ასევე წისქვილის მოცულობებსაც. ჩვენ გავზრდით წისქვილის მოცულობებს, როგორც აღმოსავლეთ, ისევე დასავლეთ საქართველოში. მინდა წარმატება ვუსურვო ამ კომპანიას. უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს იმიტომ, რომ ამ კომპანიის სიძლიერე დგას მათზე და სწორედ მათ გამოა, რომ ამდენი ხალხი დაინტერესებულია ამ კომპანიით. ახლა სტუმრებს შორის არიან მსოფლიოში ყველაზე დიდი ცემენტის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებსაც აინტერესებთ, რომ ჩვენი თანამფლობელები გახდნენ და ეს თუ მოხდა კიდევ უფრო სხვა დონეზე გადაგვიყვანს ჩვენ, როგორც კომპანიას“, – აღნიშნა რუხაძემ.
