უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსული ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც ხუთშაბათს უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმისას გამოიყენეს, მიმდინარე წელს არის წარმოებული დასავლური კომპონენტებით, რაც ხაზს უსვამს მოსკოვის უნარს, გვერდი აუაროს სანქციებს, – წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.
კიევის საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული თავდასხმის ადგილიდან მოპოვებული რაკეტის ნამსხვრევების ფოტოებზე, რამაც სულ მცირე 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ჩანს Kh-101-ის ნაწილები.
ეს არის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ფრთოსანი რაკეტა, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებისას იყენებს. აღნიშნული ფოტოები უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა, დამოუკიდებელმა ექსპერტმა და Financial Times-მა შეისწავლეს.
ვლადისლავ ვლასიუკმა, უკრაინის მთავარმა ოფიციალურმა პირმა სანქციების საკითხებში, Financial Times-ს განუცხადა, რომ ყველა Kh-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა, რომელიც კიევს მოხვდა და უკრაინელმა ექსპერტებმა შეისწავლეს, 2026 წლის მეორე კვარტალში იყო წარმოებული.
„თითოეული რაკეტა 100-ზე მეტ დასავლური წარმოების კომპონენტს შეიცავდა“, – აღნიშნა ვლასიუკმა.
იმავე ტიპის Kh-101 რაკეტა, როგორიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და რომელიც 20 იანვრის თავდასხმის შემდეგ შეისწავლეს, შეიცავდა ისეთი ამერიკული ბრენდების ჩიპებს, როგორებიცაა Texas Instruments, AMD და Kyocera AVX, ასევე გერმანული Harting Technology Group-ის, ნიდერლანდური Nexperia-სა და სხვათა პროდუქციას – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა Financial Times-ს მიაწოდა.
რამდენიმე დეტალს ჰქონდა სერიული ნომერი, რომელიც მიუთითებდა, რომ ისინი 2024 და 2025 წლებში იყო დამზადებული – სანქციების დაწესებიდან დიდი ხნის შემდეგ. იანვრის თავდასხმისას ჩამოვარდნილ ნამსხვრევებში ასევე აღმოაჩინეს ჩინური და ტაივანური წარმოების რამდენიმე კომპონენტი.
„ექსპორტის წესების აღსრულება რთულია: მას შემდეგ, რაც დასავლური კომპანიები პროდუქციას გაყიდიან, ისინი მესამე პირებმა შეიძლება რუს მყიდველებზე გადაყიდონ. რუსულ რაკეტებში აღმოჩენილი ზოგიერთი კომპონენტი ასევე ყალბი აღმოჩნდა – ამ შემთხვევაში ჩინური ქარხნები დასავლური ნივთების კლონებს ამზადებენ“, – ნათქვამია სტატიაში.
