განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი დანიაში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დაშლისას სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტს გამოეხმაურა.
„დანიის სახელისუფლებო წრეებისგან ჩვენ გვახსოვს გაუთავებელი კრიტიკა და შეურაცხმყოფელი განცხადებების ციკლი, როდესაც საუბარი ეხებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს და სახელმწიფოებრივი წესრიგის დაცვას, სახელმწიფო ინსტიტუტების შენარჩუნებას.
გახსოვთ მაშინ, რა განცხადებებით გამოირჩეოდნენ. ახლა ჩვენი თვალით ვიხილეთ და არა მხოლოდ ჩვენ, მთელმა მსოფლიომ, როგორ დაერივნენ მომიტინგეებს და პოლიციელებმა რაც გააკეთეს. მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს და თურმე, საქართველოში ჩვენ უნდა მივუშვათ ყველაფერი ასე, ჩვენ თვალწინ უნდა ჩამოიშალოს სახელმწიფო ინსტიტუტები და ქვეყანა ქაოსში უნდა გაეხვას“, – განაცხადა სოსიაშვილმა.
დანიაში აქციის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ვიდეოც, სადაც პოლიცია მედიის წარმომადგენელსაც გაუსწორდა ფიზიკურად. დანია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საკუთარ შეფასებებს სისტემატურად გამოხატავს.
