ფრაზა „ორმაგი სტანდარტი“ გაცვდა, მაგრამ ხშირად გვიწევს ჩვენ ამ ტერმინის გამოყენება, სწორი შეფასებებისთვის – რაც მისაღებია მათთვის, მიუღებელია ჩვენთვის და ჩვენთვის არ შეიძლება , – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე კოპენჰაგენში დარბეულ მიტინგთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ყველა ასეთი მოვლენა და ორმაგი სტანდარტი ყოველ ჯერზე უნდა იქნას მხილებული.
„ფრაზა „ორმაგი სტანდარტი“ გაცვდა, მაგრამ მაინც ხშირად გვიწევს ჩვენ ამ ტერმინის გამოყენება, მოვლენების განვითარების კვალდაკვალ, სწორი შეფასებებისთვის. რაც მისაღებია მათთვის, მიუღებელია ჩვენთვის და ჩვენთვის არ შეიძლება. ასე იყო მაშინ, როდესაც ჩვენ ვიღებდით გამჭვირვალობის კანონს, გაცილებით რბილი, მსუბუქი ფორმით, სადღაც შეიძლებოდა და ჩვენთან არა. მაგრამ ასე ვიწროდაც ნუ შევხედავთ. ეს არის ერთ-ერთი მიმდინარე თემა. ჩვენ ყოველ თვეში, ყოველ კვირაში, ყოველდღიურად გვიწევს ასეთი, პატარ-პატარა თემების შეფასება და ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი – გარე ძალები ცდილობენ, რომ საკუთარი მოქალაქეების ხელით განახორციელონ ერთგვარი დაპყრობა და ამის საშუალებას არ ვაძლევთ. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ბევრი აზრი ხმოვანდება ხოლმე, რომელი მხარე რით ცდილობს გავლენის მოხდენას, დაპყრობას, ჩანერგვას, ქვეყნებზე ზეგავლენას და ა.შ. ხშირად ამბობენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, რომ აღმოსავლეთი ცდილობს ეკონომიკით, ჩრდილოეთი ძალით, დასავლეთი საკუთარი ქვეყნის ხელით, სამხრეთსაც კი შეგვიძლია გადავწვდეთ, მათი თქმით, ასიმილაციით, ყველას რაღაც ნიშანი აქვს, ბევრი პოლიტიკოსის, ჟურნალისტის თუ მოქალაქის შეფასებით. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს საკუთარი ხალხის ხელით ჩვენი ქვეყნის დაპყრობის მცდელობასთან, ისე, რომ ამ ხალხის დიდი უმრავლესობა ცდილობენ ჩვენს ქვეყანაზე გავლენის მოხდენას და საკუთარი ინტერესების გატარებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ ემთხვევა ხოლმე ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს ინტერესებს, ამიტომ უნდა დავუპირისპირდეთ ყველა ასეთ მოვლენას და ორმაგი სტანდარტი ყოველ ჯერზე უნდა ვამხილოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
