დღეს ურბანული განვითარების საჭიროების სრული გააზრებით, განსაკუთრებით დედაქალაქებში უნდა ვიყოთ ერთდროულად მამაცები და ფრთხილები, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ურბანულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, განვითარების პროცესში ბევრი შეცდომა იყო, მაგრამ ეს ეტაპი უკვე წარსულია.
„აზერბაიჯანი მდებარეობს ევროპასა და აზიას შორის და ყოველთვის იყო და არის ადგილი, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს. ურბანული დაგეგმვა არა მხოლოდ ბაქოსთვის, არამედ აზერბაიჯანის მრავალი ქალაქისთვის არის საკითხი, რომელზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ. წელს ჩემი განკარგულებით გამოცხადდა ურბანული დაგეგმვის წელი. დღეს ურბანული განვითარების საჭიროების სრული გააზრებით განსაკუთრებით დედაქალაქებში უნდა ვიყოთ ერთდროულად მამაცები და ფრთხილები. ბოლო 20 წელიწადში ბაქოში შეიქმნა 100-ზე მეტი პარკი და სკვერი, ხოლო 19 სრულად განახლდა. ქალაქი ვითარდება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ელექტროავტობუსებით და მეტროს სისტემით. ეს ყველაფერი არის საერთო ურბანული განვითარების კონცეფციის ნაწილი. ჩვენ მზად ვართ ვისწავლოთ ერთმანეთისგან, გავუზიაროთ გამოცდილება და ვილაპარაკოთ შეცდომებზეც. განვითარების პროცესში ბევრი შეცდომა იყო, მაგრამ ვფიქრობ ეს ეტაპი უკვე წარსულია“, – განაცხადა ალიევმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია, სადაც მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
