შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოლონელი ევროდეპუტატის კშიშტოფ ბრეიზას განცხადებას გამოეხმაურა. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტებს ჩინეთში ვიზიტის დროს ესაუბრა. მან ეჭვი გამოთქვა, რომ ბრეიზა კორუმპირებულია და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპარლამენტში „ნაცი“ და „მიშისტი“ მტრები ჰყავს.
„ეს ადამიანი ან სულელია, ან თავს ისულელებს. თუ სულელია, ნიშნავს რომ არ იცის, რომ კაჩინსკის დაკრძალვის გამო კი არ არის დაპატიმრებული [სააკაშვილი], არამედ მის წინააღმდეგ არსებული საქმე ეხება იმას, რომ თავის შვილს ბიუჯეტიდან უხდიდა კერძო სკოლის ფულს. კითხვა ევროპარლამენტს – რომელიმე ევროპარლამენტარს ეს რომ გაეკეთებინა, იქნებოდა თუ არა ეს კორუფცია? კი, იქნებოდა. საქმე ეხება იმის, რომ ბიუჯეტის ფულით, სააკაშვილმა პლასტიკური მანიპულაციები და ოპერაციები ჩაიტარა – თუ არ ვცდები, მილიონ ლარამდე იყო დახარჯული მისი სახის გალამაზებაში, შუბლის გასწორებაში და იმაში, რომ თავი მოეწონებინა ვიღაცისთვის. ეს რომ რომელიმე ევროპარლამენტარმა გააკეთოს, ეს არის კორუფცია თუ პოლიტიკური დევნა? და თუკი ეს ყველაფერი კორუფციაა, მაშინ თავს ისულელებს ახლა ეს ადამიანი? ან გამოდის, რომ მისთვის ეს მისაღებია. საქმე გვაქვს ევროპარლამენტის ფასეულობის არმქონე წევრებთან, რიგ შემთხვევაში კორუმპირებულებთან და ამ ადამიანზე ზუსტადაც ეჭვი მაქვს, რომ კორუმპირებულია, თორემ თავს ასე სულელად რატომ გამოიყვანდა და იტყოდა, თითქოს ვიღაცისთვის თაიგულის ყიდვის გამო არის 9 მილიონი დახარჯული. არ ვიცი, რა ბედი გვაქვს ასეთი, რომ ევროპარლამენტში ერთი ისეთი მტერი ვერ გავიჩინეთ, რომელიც ნაცი და მიშისტი არ იქნებოდა და ღირსეულ მტრობას მაინც შეძლებდა. ასეთი უღირსი მტრები რომ ჰყავს საქართველოს, ესეც ჩვენი უბედურებაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
