შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ “დებატების” ეთერში განმარტა, რატომ მიმართავს შს სამინისტრო სასამართლოს იმ ადამიანის ნაცვლად, რომელიც შეურაცხყოფის ობიექტი გახდა, მაგრამ სასამართლოს არ მიმართა.
დარახველიძის განმარტებით, ადამიანის ღირსების დაცვა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ხელისუფლების ვალდებულებაა და თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საჯარო გამონათქვამში შეამჩნევს კონკრეტული სამართალდარღვევის ნიშნებს, ხელისუფლება ვალდებულია შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.
“ამ შემთხვევაში, ეს ქმედება სახელმწიფოს ავალდებულებს, კონსტიტუციიდან გამომდინარე, რომ დაიცვას ადამიანის ღირსება. თუკი პოლიციის შესაბამისი თანამშრომელი ხედავს, რომ ამ საჯარო გამონათქვამში, რომელიც იქნება საჯარო პოსტი თუ სხვადასხვა ტიპის გამონათქვამი, არის კონკრეტული სამართალდარღვევის ნიშნები, ჩვენი ვალდებულებაა, მოვახდინოთ რეაგირება. შესაბამისად, როდესაც სასამართლოში იქნება განხილვა, ბუნებრივია, მოსამართლეს ექნება საშუალება შეაფასოს თავად დაზარალებულის პოზიცია. თუ ის არ გამოთქვამს პროტესტს ამ საკითხთან მიმართებაში, მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის შესაბამისად და ეს იქნება მისთვის შემამსუბუქებელი გარემოება.
ვრცელდება ნარატივი, რომ თითქოს ცენზურის პოლიცია უნდა შეიქმნას, თითქოს ეს არის ცენზურის დეპარტამენტი და ა.შ. ადამიანის ღირსების დაცვა არის სახელმწიფოს ვალდებულება. შესაბამისად, თუ კონკრეტულ ქმედებაში, სხვა პირის ქმედებაში ირღვევა კონკრეტული ადამიანის ღირსებად, ეს ქმედება მიმართულია ამ ადამიანის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს ვალდებულებაა მოახდინოს რეაგირება და ამ რეაგირების მოხდენა რატომ უნდა ჩაითვალოს რაღაცა ტიპის ცენზურის დაწესებად, როდესაც ისედაც გაწერილია ეს კონსტიტუციაში, ჩვენს მოქმედ კანონმდებლობაში და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმოქმედებთ ზუსტად იმ ფარგლებში, რა ფარგლებიც დაადგინა საქართველოს კონსტიტუციამ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ.
ნებისმიერი შემთხვევა, სადაც იქნება სამართალდარღვევის ფაქტი, ჩვენ კონკრეტული მტკიცებულებებით წარვდგებით სასამართლოს წინაშე და შემდგომ, სასამართლოში ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება დააკვირდეს ამ პროცესს და მიიღოს ინფორმაცია”, – განაცხადა დარახველიძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.
