ბაქო–სუფსის ნავთობსადენის აღდგენისა და ეფექტიანი ოპერირების შესახებ მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ისე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი სამუშაო პროცესი, რომელიც ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და აზერბაიჯანულ მხარეს (SOCAR და SOCAR Midstream Operation LLC) შორის მიღწეული შეთანხმება ბაქო-სუფსის მაგისტრალის ქართული სეგმენტის მართვას ეხება.
თამარ იოსელიანის თქმით, საუბარია ინფრასტრუქტურაზე, რომელიც საქართველოს უკვე ათწლეულებია აკავშირებს კასპიის რეგიონთან, შავ ზღვასთან და ევროპულ ბაზრებთან.
„ბოლო 3 წელია, აღნიშნული მილსადენით ტრანსპორტირება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და სუფსის ნავსადგურში მხოლოდ რამდენიმე გემთშემოსვლა დაფიქსირდა. დღეს, როდესაც ენერგოუსაფრთხოება, სტაბილური სატრანზიტო მარშრუტები და მიწოდების ჯაჭვების მდგრადობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მსგავსი პროექტები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს როლს, როგორც სანდო და პროგნოზირებადი დამაკავშირებელი დერეფნის ევროპასა და აზიას შორის“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, გარდა ეკონომიკური სარგებლისა, ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ რეგიონში თანამშრომლობა, დაკავშირებადობა და ფუნქციონირებადი ინფრასტრუქტურა კვლავ რჩება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ უპირატესობად.
