პოლონეთში ჯარების განლაგება გადავდეთ, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, ჟურნალისტმა ვენსს ჰკითხა: „რატომ აჯილდოებს აშშ პუტინს პოლონეთში სამხედროების გადაყვანის შეჩერებით და რატომ სჯის ამერიკის საუკეთესო მოკავშირეს, ევროპას?“
როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნაწილი არ არის პუტინის დაჯილდოება ან ისეთი ქვეყნის დასჯა, როგორიც პოლონეთია.
მისივე განმარტებით, ეს შემცირება არ არის, ეს ჩვეულებრივი გადავადებაა როტაციაში.
„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ არ ყოფილა პრეზიდენტი, რომელმაც უკრაინის გადარჩენისთვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე დონალდ ტრამპმა. როგორც მან თქვა: „ობამამ მათ ზეწრები მისცა, მე კი – „ჯაველინები““. სწორედ ის „ჯაველინები“ იყო, რამაც უზრუნველყო, უკრაინას შეენარჩუნებინა ტერიტორიული სუვერენიტეტი. ასევე მან განაცხადა, რომ სურს, ამერიკული პოლიტიკა წარმართოს შეერთებული შტატების ინტერესებზე ფოკუსირებით, ამ საგარეო პოლიტიკის ნაწილი არ არის პუტინის დაჯილდოება ან ისეთი ქვეყნის დასჯა, როგორიც პოლონეთია. ჩვენ გვიყვარს პოლონელი ხალხი. ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიზანი ევროპის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხელშეწყობაა. ჩვენ გვინდა, ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე. გვინდა, ევროპამ სერიოზულად წინ გადადგას ნაბიჯი. ჩვენ პოლონეთში ჯარების რაოდენობა 4 000-ით არ შეგვიმცირებია. ის, რაც გავაკეთეთ, არის ის, რომ გადავდეთ ჯარების განლაგება პოლონეთში. ეს შემცირება არ არის, ეს უბრალოდ ჩვეულებრივი გადავადებაა როტაციაში, რაც ზოგჯერ ამ სიტუაციებში ხდება“, – აღნიშნა ვენსმა.
მისივე თქმით, საუბარია აშშ-ის მიერ გარკვეული რესურსების გადანაწილებაზე, რათა ამერიკის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი.
„არ მგონია, ეს ევროპისთვის ცუდი იყოს, ეს ევროპას უბიძგებს, მეტი პასუხისმგებლობა აიღოს. შეერთებული შტატები ვერ იქნება მსოფლიოს პოლიციელი. ჩვენ გვინდა, კარგი მოკავშირეები ვიყოთ. გვინდა, ჩვენი სამხედრო ყოფნა ევროპაში რეგიონულ სტაბილურობას უწყობდეს ხელს. პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ ჯარები ევროპიდან სრულად გაიყვანა, მაგრამ ევროპა საკუთარ ფეხზე უნდა იდგეს“, – განაცხადა ვენსმა.
